ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მე-2 მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

320

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე, მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.