კობახიძე: როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობას” მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ ვითარების ხელოვნურად ესკალაცია გადაწყვიტეს

168

როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობას” მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად.

“სამწუხაროდ, ახლა ზუგდიდში ემოციები ჭარბობს. თუ ვინმეს ინტერესშია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელოვნურად არ უზრუნველყონ ვითარების ესკალაცია. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, მათი საერთო ამოცანა უნდა იყოს მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

თქვენ ხედავდით, რომ პროცესი წარიმართებოდა მშვიდ და სამართლიან გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობას” მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს. აქედან გამომდინარე, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.

მე არ ვისაუბრებ დღეს ჩვენს შიდა შედეგებზე. ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და ყველაფერი გაკეთდება პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

“სამწუხაროდ ეს ფარული ჩანაწერები ჩვენი არჩევნების “ლამაზ” ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ამ ინფორმაციას ჩაეძიონ, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი, თუმცა ეს “ლამაზი” ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.