მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს გაეცნენ

623

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

უწყების ინფორმაციით, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.