გუფთა-ონის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 6.5 მილიონამდე მოხმარდება

175

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის (კმ54 -კმ63) რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 488 890 ლარია.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გუფთა-ონის გზა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ის კონფლიქტურ რეგიონთან დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს. მათივე ცნობით, აღნიშნული გზა, ასევე, ერთადერთი გზაა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ონის მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებლად.

“არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა. გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების და ავტოპავილიონების მოწყობა. ასევე, უსაფართხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა”, – განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, მიწის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.