2019 წელს საგზაო უსაფრთხოებისთვის 15.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული

105

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში 15 540 000 ლარია გამოყოფილი. კერძოდ, საგზაო უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი, ხოლო მსოფლიო ბანკიდან 6 540 000 ლარია გათვალისწინებული.

დეპარტამენტის ცნობით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის განახლდება თვალამრიდები და ზღუდარები. ასევე. დაემატება საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების კუნძულები და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ხოლო გზები აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით.

უწყების ინფორმაციით, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.

ამასთან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დამატებითი ღონისძიებები იგეგმება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის საავტომობილო გზებზე, რომელიც წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას ითვალისწინებს.

“სწორედ საგზაო უსაფრთხოების  მიზნით, 2018 წლის ბოლოს ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის შემოვლით გზის მეორე ზოლის მშენებლობა, რაშიც 2 წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარი დაიხარჯება. მეორე ზოლის მშენებლობა მნიშვნელოვან წილად სიჩქარის ლიმიტისა და მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო გახდა საჭირო. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობა კვლავ შესაძლებელი გახდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, გასულ წელს იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე, სულ 21 მონაკვეთზე, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად კი, საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანი დაშავდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით,საგზაო უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს.