მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

716

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ. სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება და მას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

“პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან.

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყლარინების გამართული ინფრასტრუქტურით 35 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს”, – განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.