რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი

857

რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში პრეზენტაცია პრეზენტაცია, მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა დოკვაძემ წარადგინა.

“ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მერიის სამსახურებისგან ნებისმიერი ტიპის მომსახურება ან ინფორმაცია, სახლიდან გაუსვლელად my.gov.ge-ზე დარეგისტრირებითა და ID ბარათის გამოყენებით მიიღოს. ამ ეტაპზე, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებპორტალზე უკვე ჩატვირთულია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების მისაღებად და სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, უახლოეს მომავალში კი იგეგმება სხვა სერვისების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის ატვირთვაც“, – განაცხადა თამთა დოკვაძემ.

ვებპორტალით my.gov.ge-ით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია, დარეგისტრირდეს როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

როგორც მერიაში აცხადებენ, my.gov.ge -დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა.

“რუსთავის მერია მოსახლეობას 400-მდე სერვისს სთავაზობს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა 4-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს”, – აცხადებენ მერიაში.

პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესო ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.