ფოთის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა ნაწილს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული

146

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 7 ფაქტი, მათ შორის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3, საკუთარი და ოჯახის წევრების კუთვნილი წილების არადეკლარირების 13 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 6 ფაქტი გამოვლინდა.

კონსტანტინე თოფურია ფოთის მერის პირველი მოადგილე

“კონსტანტინე თოფურიამ, რომელიც ფოთის მერის პირველი მოადგილის პოზიციას 2018 წლის 1 ნოემბრიდან იკავებს, 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის და მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილი ფლობენ წილებს, ცალკეულ შემთხვევებში კი იკავებენ დირექტორის პოზიციას შემდეგ კომპანიებში:

კონსტანტინე თოფურია: შპს “ალტერო” – 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “თეაკომი” – 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “ალტერო XXI” – 100 %-იანი წილის მფლობელი; კოოპერატივი “რკ ნიუ ლეიქი” – თავმჯდომარე;

შორენა ნაცვლიშვილი: შპს “ნიუ ქეფითალ სისტემს” – დირექტორი; შპს “მალალა” – 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “მ2” – 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი;

კონსტანტინე თოფურიას, ასევე, არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის კოოპერატივ “რკ ნიუ ლეიქის” –
გამგეობის თავმჯდომარე, ამავე კოოპერატივის დირექტორები კი მისი მეუღლე შორენა ნაცვლიშვილი და
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი არიან.

კონსტანტინე თოფურიას დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს “ნაზვრევის” 50%-იანი წილის
მფლობელი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე კომპანიის დირექტორი მისი მეუღლე შორენა
ნაცვლიშვილია. აღსანიშნავია, რომ შპს “ნაზვრევის” 50%-იან წილს ფლობს საგარეჯოს საკრებულოს
თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი.

შორენა ნაცვლიშვილი, ასევე, არის შპს “თბილისი რეფიერ კომპანის” 100%-იანი წილის მფლობელი და
დირექტორი (ინფორმაცია დეკლარირებულია), აღნიშნულ კომპანიას 2014-2018 წლებში 15 ტენდერში
აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 2017-2018 წლებში 5 შემთხვევაში გაიმარჯვა. ყველა ტენდერში
შემსყიდველი ქალაქ თბილისის მერია იყო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 927 178 ლარი
შეადგინა. თბილისის მერიამ შპს “თბილისი რეფიერ კომპანისაგან” საგზაო მოძრაობის მართვისა და

კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის, ასევე შუქნიშნების და მათი მოწყობილობების მოვლა-შენახვა-
ექსპლუატაციის მომსახურებები შეისყიდა.

ის ფაქტი, რომ კონსტანტინე თოფურია იკავებს დირექტორის პოზიციას შპს-ებში, წარმოადგენს კანონდაღვევას-საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. გარდა იმისა, რომ კონსტანტინე თოფურიამ აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.

ლევან ჩოჩია ფოთის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი

ლევან ჩოჩიას 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ირაკლი ჩოჩია არის შპს “ი.ტ.მ. ჯგუფის” 33%-იანი წილის მფლობელი, ასევე, შპს “ლევიკას” 100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ნანა ჭანტურია ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

ნანა ჭანტურიას 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნოდარ მიქაძე არის შპს “პალიასტომი 2016”-ის 34%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

მაია მაკალათია ფოთის მერის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

მაია მაკალათიას 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს
“M.M.M.” დირექტორი, რითაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს
სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. დირექტორის პოზიციის დატოვებასთან ერთად,
მაია მაკალათიამ აღნიშნულ კომპანიაში საკუთარი 100%-იანი წილიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა
გადასცეს.

ირაკლი კაკულია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე

ირაკლი კაკულიას 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს
„კარიბჭის” 25%-იანი წილის მფლობელი.

ბადრი ასათიანი შპს “ფოთი ქალაქტრასნპორტის” დირექტორი

ბადრი ასათიანს 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ექსერგიას” 1%-
იანი წილის მფლობელია.

ლეილა გვასალია შპს “ფოთი ქალაქპროექტის” დირექტორი

ლეილა გვასალიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე,
გოჩა გურგენაძე შპს “ს/კ გივი ჭედია და კომპანიის” 25%-იანი წილის მფლობელია.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში.