ფოთში საზღვაო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება

820

“ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა.

ხელშეკრულება ქალაქ ფოთში ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობას გულისხმობს, რასაც OPIC-ი დააფინანსებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნის პროცესში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

“ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ჩვენს ურთიერთობებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეკონომიკაში OPIC-ის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ეს იყო ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა დაიწყო საქართველოში პროექტების დაფინანსება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, OPIC-ს დღემდე ინვესტირებული აქვს თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტს მოხმარდა.

პრემიერმინისტრმა ამ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა OPIC-ის ხელმძღვანელობას და თბილისში ვიზიტით მყოფ კორპორაციის მმართველ დირექტორ კენეტ ენჯელს, რომელიც წლებია, ჩართულია OPIC-ის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში.

“OPIC-ს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, რადგან მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაზარდონ დაფინანსება საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო “პეის ჯგუფს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და აღვნიშნო, რომ ამ ჯგუფს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და უკვე მრავალი წელია საქმიანობს ამ სფეროში. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.