ცქიტიშვილი: 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა

24

“გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით, დასრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტიური მუშაობა გრძელდება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობის კუთხით“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტების განხილვისას.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, გასულ წელს 617 პროექტი განხორციელდა და დაიხარჯა 1.478 მილიონი ლარი, მათ შორის  – 727 მილიონი ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე.

მისივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით განახლდა 218 კმ გზა და აშენდა 25 ახალი ხიდი, მათ შორისაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხობი-ლესიჭინეს მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალზე ახალი სახიდე გადასავლელის მშენებლობა.

“გასულ წელს დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც განტვირთა საკურორტო ზონა ტრანზიტული მოძრაობისგან და მნიშვნელოვნად შემცირდა ბათუმამდე მგზავრობის დრო. ასევე, დასრულდა მესტია-უშგულის რთულ მონაკვეთზე 10 კმ გზის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი გზა უშგულამდე და მას როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები აქტიურად იყენებენ. გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა ზამთრის თვეებშიც და ამ გზის სხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დარიალის ხეობაში, რიკოთის გვირაბის შემდგომ ყველაზე მასშტაბური, დევდორაკის 2 კმ-იანი გვირაბის დასრულებულ მშენებლობაზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, ხეობაში გადაადგილება უსაფრთხო გახდა და მთელი წელი შენარჩუნებული იქნება ამ გზის ტრანზიტული ფუნქცია.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე ვიცეპრემიერმა აღნიშნა, გასულ წელს დასრულდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების და კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობის მშენებლობა.