ბორჯომის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

115

ბორჯომის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიებიდან სხდომას მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები დაესწრნენ, დანარჩენებმა კი წლის მთავარი დოკუმენტის დამკტიცებაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 300 000 ლარით 26 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა. სხდომას 28 დეპუტატიდან 18 ესწრებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მომავალი წლისათვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რისთვისაც ბიუჯეტიდან შვიდ მილიონზე მეტი დაიხარჯება. თანხის დიდი ნაწილი სკვერებისა და სტადიონების მშენებლობა–რეაბილიტაციას მოხმარდება. ასევე, ბორჯომის ბიუჯეტის მიხედვით, მომავალი წლის პრიორიტეტია სოციალურ პროგრამებიც. ამისთვის მერიას 700 000 ლარი აქვს გაწერილი.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას, ოპოზიციური პარტიებიდან, მხოლოდ ერთი, “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ესწრებოდნენ. რაც შეეხებათ „ლეიბორისტული,“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ წევრებს, ისინი სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან.

„ბოიკოტი გამოვაცხადეთ! იმიტომ რომ არასოდეს ვართ ინფორმირებული მაგითი სხდომების შესახებ, არც ბიუჯეტის პროექტები გადმოგვგზავნეს და არც ბიუროს სხდომებზე დაგვიძახეს“,- განაცხადა საკრებულოში “ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გიუაშვილმა.

იგივეს აცხადებენ “ევროპული საქართველოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

ოპოზიციური დეპუტატების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი: “მაგათ უბრალოდ არ აინტერესებთ ბიუჯეტი და ეგ არის, ყველას ტელეფონით, ესემესებით, თუ ელექტრონულად ეგზავნებათ ყველა ინფორმაცია. არც ბიუროებს ესწრებიან, არც განხილვებს და რაზე გველაპარაკებიან საერთოდ?!“