2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების სახით, 28,7 მილიონი ლარი გადაეცემათ. აქედან 20 მილიონ 700 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ტრანსფერისთვისაა განსაზღვრული, ხოლო 8 მილიონი – ავტონომიური რესპუბლიკების ტრანსფერისთვის. რაც შეეხება თავად ტრანსფერების მოცულობას, მიზნობრივი ტრანსფერი 11 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, ხოლო 16 მილიონ 900 ათასი ლარია სპეციალური ტრანსფერი.
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ. მის ნაცვლად მუნიციპალიტეტებზე დღგ-ის 19% გადანაწილდება (იხილეთ განაწილების ცხრილი). სწორედ ამიტომ მომავალ წელს ტრანსფერის თანხა მკვეთრად დაიკლებს და, თუ წელს ყველა სახის ტრანსფერი 760 მილიონს შეადგენდა (საიდანაც გათანაბრებითი ტრანსფერი 705 მილიონი იყო), 2019 წელს მხოლოდ 20.7 მილიონი დარჩება.
მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტებს დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემათ. დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”,
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”,
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ”,
“სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”,
“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” და სხვა, საქართველოს კანონებით განსაზღვრული
უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება.
ვინაიდან დადგენილი არ არის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სტანდარტები, არც ისაა დადგენილი, რა ჯდება ამ სერვისების მიწოდება მოსახლეობისათვის. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტიდან არ ჩანს, თუ რის საფუძველზე გათვალა მთავრობამ, თუ რა თანხა სჭირდება თითოეულ მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
რაც შეეხება სპეციალურ ტრანსფერს, ის გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის
კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების
(ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე, სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.
სპეციალური ტრანსფერის გასაცემად, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, აუცილებელია, რომ თვითმმართველმა ერთეულმა მიმართოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს სამინისტროებს, ან საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის სამინისტროებს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.
ვნახოთ, რომელი მუნიციპალიტეტი რა ოდენობით მიზნობრივ და სპეციალურ ტრანსფერს მიიღებს:
ათასი ლარი