ახალციხეში ასფალტი ჯერ დააგეს, შემდეგ კი ცხაურების მოსაწყობად გადათხარეს

719

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გზის მშენებელმა კომპანიამ ასფალტი ჯერ დააგო, მერე კი ცხაურების მოსაწყობად გადათხარა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

რუსთაველის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოებს ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხაურების მოწყობა უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს თავიდანვე გათვალისწინებული იყო, თუმცა პროექტის განსაზღვრულ ადგილზე მათი გაკეთება შეუძლებელი გახდა.

“იქ, სადაც ცხაურების მოწყობა პროექტით იყო გაწერილი, ფიზიკურად ვერ გავჭერით, რადგან ინტერნეტის კაბელები გადიოდა და ამიტომ შეიცვალა პროექტი და მოუწია სხვა ადგილას გაკეთება“, – განაცხადა მშენებელი კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა.

ახალციხის მერიასა და მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჯერ ისევ მიმდინარებს და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ პერიოდში დაზიანებული გზის მონაკვეთიც აღდგება.