მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში, სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

285

წინა სტატია

სოფელ უდაბნოში მზის პირველი ელექტროსადგურის პროექტის ინვესტორი “საქართველოს მზის კომპანია“ სამშენებლო ნებართვის მისაღებად წინადადებას მთავრობას დეკემბერში წარუდგენს. ამის შესახებ გამოცემა “BM.GE-ს “საქართველოს მზის კომპანიის“ ერთ-ერთი მფლობელის, “სოლარ ფაუერ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა თამაზ კაპანაძე განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია არქიტექტურულ პროექტზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე და პროცედურით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე მუშაობს, რაც სამშენებლო ნებართვის მისაღებად არის საჭირო. თამაზ კაპანაძე იმედოვნებს, რომ პროცედურები გეგმის შესაბამისად დასრულდება და სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

“სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და წესით, ნოემბერში ობიექტი ექსპლოატაციაში უნდა შევიდეს“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება მზის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასს, ინვესტორის განმარტებით, ეს საბაზრო პირობებზე იქნება დამოკუდებული, თუმცა “საქართველოს მზის კომპანიას“ მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებები აქვს, რაც წლის განმავლობაში, წინასწარ განსაზღვრული ფასით და პერიოდულობით, სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის შეძენის ვალდებულების აღებას ეხება.

“მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ეს პირველი საპილოტე პროექტია და ჩვენც გვინდა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, როგორც ეს ქარის სადგურის შემთხვევაში მოხდა. სახელმწიფომ გვითხრა, დაგეხმარებითო“, – განაცხადა თამაზ კაპანაძემ.

უდაბნოს ტერიტორიაზე არსებული პროექტის გარდა, თამაზ კაპანაძეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საერთო ჯამში, 95 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის სადგურების პროექტების განხორციელება სურს. მისი განმარტებით, სამომავლო პროექტებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე დასრულებულია და მათი განხორციელების მიზნით მთავრობასთან მემორანდუმების გაფორმება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უდაბნოში დაგეგმილი მზის სადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია. მიმდინარე წლის ივლისში, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს-ის “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილი გადასცა.