ქუთაისის მერია საახალწლოდ სიახლეებს აანონსებს

664

ქუთაისის მერია საახალწლო განათებების მიმართულებით წელს სიახლეებს აანონსებს. თუმცა, კონკრეტულად რა შეემატება წელს ქალაქს ახალი, ჯერჯერობით, უცნობია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“ახალი მორთულობები, რა თქმა უნდა, დაემატება ქალაქს. მასალები უკვე შეძენილია და მზადდება “ქუთაგანათების” მიერ”, – ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი, თეონა გიორგაძე.

ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო და ლითონის მაკომპლექტებელ ელემენტების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დანდი” მას 94 804 ლარად შეასრულებს. ვაჭრობაში ერთი პრეტენდენტი შპს “დანდი” მონაწილეობდა. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ მიმწოდებელმა საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს.

მეორე ტენდერი მერიამ ამავე წლის 12 ოქტომბერს 12 732 ლარზე გამოაცხადა. მასში ორი პრეტენდენტი შპს “მს” და შპს “სმარტ სთილი” მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს” სმარტ სთილმა” სამუშაოების შესასრულებლად “მს”-ზე ნაკლები 11 682 ლარი მოითხოვა და გამარჯვებულად გამოცხადდა.  მიმწოდებელმა  საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს. საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

გამოცემა “ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც შარშარ ქალაქის ცენტრში იდგა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.

ჯერჯერობით უცნობია მერიის მიერ დაპირებული სიახლეები საახალწლო მორთულობების შესახებ რამდენად გაამართლებს მოქალაქეების მოლოდინს. მერიაში განმარტავენ, რომ დეტალებს თუ რა გაკეთდება ამ კუთხით, მოგვიანებით გაავრცელებენ.