ახმეტის სოფელ კასრისწყალში სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს

887

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულია 1979 წელს დაბადებული ჯ.გ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.