ბათუმის უბნების ყველა ეზოში მწვანე სივრცეები მოეწყობა

738

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტი ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობასა და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. მთავრობის ცნობით, თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი მოსახლეობის ინტერესს გაზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში  100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი დარგეს.

როგორც რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა “მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

“მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3 000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.