გიორგი მარგველაშვილი: ამ ქვეყანაში მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა დემოკრატიაა

752

მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა არის დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი ”კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში, პროფკავშირების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც საუბრის ძირითადი თემა შრომითი უფლებებია. პრეზიდენტის თქმით, მისი მთავარი ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საზოგადოება.

“მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა არის დემოკრატია და ეს ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე რაღაც ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფოს მართვაში. როდესაც ვამბობ, რომ ამის მჯერა, ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილში ვხედავ პასუხებს კითხვებზე. მე ვხედავ, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი, რომელიც ჩვენ დღეს შეიძლება არ ვიცით, საზოგადოებამ უნდა გასცეს და არა რომელიღაც ცალკე მდგარმა ადამიანმა, რომელსაც დიდი წარმოდგენა ჰქონდეს. ეს პასუხები უნდა იქნეს მოძიებული არა ერთხელ, არამედ მუდმივად. დემოკრატია ჩვენი მმართველობის ფორმაა. იქ, სადაც გაქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად უფლებამოსილება უნდა გადასცე ხალხს. ყველა უფლება უნდა გადასცე ხალხს და მათ მისცე თავისუფლება გადაწყვიტონ. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მათ მისცე უფლება შეეშალოთ რაღაც გადაწყვეტილებები, რადგან თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც. ამ კუთხიდან ვუყურებ ყველაფერს, რაზეც დღეს ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან მიმართებაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი