ჭიათურის სოფელ ითხვისში, 25 წლიანი უწყლობის შემდეგ, წყლის ახალი სისტემა ექნებათ

1151

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას, 25 წლიანი უწყლობის შემდეგ,  სასმელი წყლის ახალი სისტემა ექნება.

როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოფელ ითხვისში სასმელი წყლის მილების დამონტაჟება და რეაბილიტაცია 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

ადმინისტრაციის ცნობით, პირველ ეტაპზე სასმელი წყლის ახალი სისტემით 100–ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. მეორე ეტაპზე კი სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება და საერთო ჯამში სასმელი წყალი სოფლების: ითხვისის, კალაურისა და შუქრუთის 600–მდე კომლს 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

“როდესაც პირველად შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ითხვისში მცხოვრებ მოსახლეობას და პრობლემებს ვეცნობოდი, მათ პრიორიტეტად სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდება დაასახელეს. საუბარში აღნიშნეს, რომ 25 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მეზობელი სოფლიდან, სვერიდან მიაქვთ. მაშინ დავპირდი მოსახლეობას, რომ მათ წყალი აუცილებლად ექნებოდათ. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა აღმოიფხვრას“, – განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძე.

ტაბატაძის განცხადებით, მსგავსი პრობლემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრშიც იყო და მისი თქმით, საკითხი იქაც მოგვარებულია და მოსახლეობა სასმელი წყლით უკვე სარგებლობს.