ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენაზე კვლავ უარს ამბობს

956

ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენაზე კვლავ უარს ამბობს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2019 ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. 

მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებული ისევ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სულ რაღაც სამი თვის წინ მისი აღდგენის შესახებ თავად განაცხადა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელისუფლებამ 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, ცოტა ხნის წინ კი ითქვა, რომ 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეცვლილი ფორმით, მაგრამ აღდგებოდა. ამის შესახებ პირველად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ამცნო მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს ყვარელში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმზე, მეორედ კი, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, თავად მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში შეიქმნებოდა ქვეპროგრამა, რომლიდანაც მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად პროექტები დაფინანსდებოდა (აღსანიშნავია, რომ ის სწორედ ამ პროგრამის ქვეპროგრამას წარმოადგენდა მანამდეც, სანამ მას გააუქმებდნენ).

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯერ-ჯერობით, არ პასუხობს შეკითხვას, თუ რატომ გადაიფიქრა ხელისუფლებამ მომავალი წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ასე გადაწყდა.

სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამა, მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტების ფონზე, მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად საჭირო და მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში არაერთ სოფელში გარეგანათების, წყლის, გზის და ა.შ. პრობლემები მოგვარდა. რაც მთავარია, ეს იყო ერთადერთი პროგრამა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნიდა – ის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, საერთო კრებაზე სწორედ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკუთარი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი განეხორციელებინა. 2017 წელს ამ პროგრამის შეწყვეტით სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფაქტობრივად, შეჩერდა, ხოლო მოქალაქეთა ჩართულობის ალტენრატიული მექანიზმის შემუშავებაზე 2 წელია, აღარავის უზრუნია.