ახალქალაქის სოფელ კუმურდის მოსწავლეები აცხადებენ, რომ დირექტორი კლასების დალაგებას აიძულებთ

123

ახალქალაქში სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ დირექტორი კლასების დალაგებას აიძულებთ. ვითარებას განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო „ჯეინიუსის“ ცნობით, მოსწავლეები სკოლის დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. მათი პროტესტის გამო კი 24 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

“მოსწავლეებს დაავალა, რომ თავიანთი კლასი დაელაგებინათ. ეს საკითხი მშობლებმა გააპროტესტეს. ორი დამლაგებელი იყო, ნახევარს ბავშვები ალაგებენ, ნახევარს დამლაგებლები. ამბობდა ბიუჯეტში ფული მეტი არ გვაქვს და იძულებული ვარ თქვენ გთხოვოთ დახმარებაო. როგორც გაირკვა შტატით მესამე დამლაგებელიც ყოფილა, ხელფასიც ჰქონია, მაგრამ სკოლაში არადროს მისულა და არ დაულაგებია“, – ამბობს სოფლის დეპუტატი აშოტ საარიანი.

მისი თქმით, დირექტორი მოსწავლეებთან და მშობლებთან აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა : “სამი დღეა ახალი დამლაგებელი მოიყვანა და ის ალაგებს კლასებს, მაგრამ მშობლები არ აპირებენ გაჩერებას. ამბობენ დირექტორი სკოლიდან უნდა წავიდესო“.

სკოლის დირექტორმა არმენ პოლორჩიანმა “სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

“ჯეინისუთან“ კი განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს: “სკოლა დიდია დამლაგებლები ვერ ასწრებდნენ დალაგებას, ამიტომ იძულებული გავხდი მოსწავლეებისთვის დამევალებინა კლასების დალაგება. სამინისტროში შტატის დამატებას ვითხოვდი და ამის შესახებ ინფრომაცია გაგზავნილი მქონდა“.

მომხდარზე კომენტარს არ აკთებენ ახალქალაქის საგანმანართლებლო რესურსცენტრში.

განათლების სამინისტროში “სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სკოლაში ვითარების შესასწავლად აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები არიან შესულები.