მესტიაში გათავისუფლებული საჯარო მოხელეები: სამსახური აქციებში მონაწილეობისთვის დაგვატოვებინეს

599

წინა სტატია

მესტიის მერიის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურებიდან ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაითხოვეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ერთი თვის წინ შემიწყდა ხელფასი, თუმცა არაფერი მითქვამს, გუშინ კი გავიგე, რომ შტატში არ ვყოფილვარ ჩასმული, თითქოს ხელშეკრულების საფუძველზე ვიყავი აყვანილი და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გამაფორმეს სამსახურში. ჩემი იქ ყოფნა არ აწყობდათ, რადგან ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მე და ჩემი ოჯახის წევრები აქტიურად ვიყავით ჩართულები“, – განაცხადა ნათია ნაცარაშვილმა.

ყოფილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან დათხოვნა რომ ჰესების წინააღმდეგ აქტიურობას უკავშირდება, ამბობს მესტიის კულტურის სამსახურის ყოფილ დირექტორი ნარგიზ ნიგურიანიც. ის სამსახურიდან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.

„ჯერ გამათავისუფლეს მე, ვინც ყველაზე აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი ჰესების მშენებლობას, შემდეგ დანარჩენები“, – გვითხრა მან.

ნარგიზ ნიგურიანმა გათავისუფლებულ ორ თანამშრომელთან, მაია კახიანთან და მანანა საღლიანთან ერთად სასამართლოს უკვე მიმართა.

თავის მხრივ, მესტიის მერიის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აცხადებენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მხოლოდ შტატების შემცირების, ოპტიმიზაციის მიზეზით მოხდა.

„ჰესები არაფერ შუაშია. სულ არ მაინტერესებს, აშენდება ჰესი თუ არა. მე მაინტერესებს ჩემი სამსახური“, – გვითხრა გეგი ფალიანმა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ სამსახურიდან 11 თანამშრომელი გაუშვა, თუმცა მოგვაინებით თქვა, რომ მესტიის მერიის ა(ა)იპ-ებიდან 23 თანამშრომელი დაითხოვეს.