გუბერნატორები წავიდნენ. მოსთხოვენ თუ არა მერებს გადადგომას?

2483

უკვე ოცდახუთწლიან ტრადიციად იქცა, რომ ნებისმიერი სამთავრობო ცვლილება მხოლოდ მინისტრების შეცვლით არ უნდა დასრულდეს და ის ხელისუფლების სხვა რგოლებზეც პირდაპირპროპორციულად უნდა გავრცელდეს. მინისტრი, გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი – ეს ის უწყვეტი ჯაჭვი იყო, რომელიც მოქალაქეთა კავშირისა თუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, პრემიერის ცვლილებისთანავე, ფაქტობრივად, ულაპარაკოდ იცვლებოდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ხელუხლებელი დარჩა და ის კვლავ ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა რეგიონებში, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ვითარება შეიცვალა, რადგან მერების პირდაპირი წესით არჩევითობამ ადგილებზე პოლიტიკური სტაბილურობა მოიტანა და ეს 2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

ამის მიუხედავად, პრემიერ კვირიკაშვილის მამუკა ბახტაძით შეცვლის შემდეგ ცვლილებებს, გუბერნატორების გარდა, მერებიც ელოდებიან, მერები, რომლებიც სულ რაღაც 9 თვის წინ მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი წესით კი აირჩია, თუმცა, მათი დიდი ნაწილი დღემდე კვირიკაშვილი-ალავიძის კადრად ითვლება.

როგორც ცნობილია, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატების უმეტესობა ალავიძე-კვირიკაშვილის ტანდემის შერჩეულია. ამის გამო მაშინდელ პრემიერსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი დაუპირისპირდა, მათი მერებთან კონფლიქტი კი ამ დრომდე გრძელდება. ამის მაგალითად კი ჭიათურაში, ხარაგაულსა თუ ზესტაფონში არსებული ვითარებაც გამოდგება.

რას გეგმავს ახალი პრემიერი რეგიონებთან დაკავშირებით?

გუბერნატორების შეცვლის საკითხი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლისთანავე გააქტიურდა. ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პირველივე დღეებში თქვა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის ფორმატი უნდა შეიცვალოს და არც საკადრო ცვლილებები გამორიცხა. დღეს კი რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების შესახებ და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. თქვენ იცით ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტიანობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის, საკადრო ნაწილში,”  – თქვა მამუკა ბახტაძემ.

თავისთავად, ეს განაცხადი, რომ გუბერნატორის ფუნქციები გასაძლიერებელია, საკმაოდ საინტერესოა, რადგან დღეისთვის მათ საკმაოდ შეზღუდული და მხოლოდ ფიგურალური ფუნქციები აქვთ. მიუხედავად ამ განცხადებისა, ახალ პრემიერს ჯერ არ უთქვამს, ამ მიმართულებით კონკრეტულად რას გეგმავს. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნება და მას დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. ბახტაძის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების კომპონენტი ჩამოშორდება და მას სუბარის დეპარტამენტი ჩაიბარებს.

ის, რომ ახალ პრემიერს გუბერნატორების შეცვლისა და რეგიონებში საკუთარი ნდობით აღჭურვილი კადრების დანიშვნის სურვილი აქვს, მისი პოზიციიდან, პრაგმატული თვალსაზრისით, სრულიად გასაგებია, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მოდის, რომელშიც გუბერნატორები, არაფორმალურად, ძალიან დიდ როლს თამაშობენ და ცხადია, ახალ მთავრობას არ სურს, ეს პროცესი რეგიონებში იმ ხალხის იმედზე დატოვოს, ვინც მის კადრად არ მოიაზრება.

ვინ დარჩა და ვინ დაემშვიდობა თანამდებობას?

დღეს საქართველოში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 9 პოსტი არსებობს –  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის.  აქედან იმერეთს გუბერნატორი არ ჰყავს, რადგან მოქმედი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ვანისა და ხონის შუალედური არჩევნებით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

რვა გუბერნატორიდან დღეს ხუთმა თანამდებობა დატოვა – შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, გავრცელებული ინფორმაციით, მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა, პრემიერმა ის არ დააკმაყოფილა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული –გუბერნატორი  მერაბ ჭანუყვაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ძველი გუბერნატორი, გია სალუქვაძე, მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სალუქვაძე, თავდაპირველად, პრემიერზე განაწყენებული იყო და მედიასთან აცხადებდა კიდეც, რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან, პრემიერს ჰკითხეთო.  შემდეგ კი თანამდებობიდან წასვლა „თვითმმართველობის ციკლის დასრულებას“ დაუკავშირა და თქვა, ჩემი წასვლა პრემიერთან შეთანხმებულიაო.

მისი შემცვლელი მერაბ ჭანუყვაძე კი, რომელიც, 2017 წლის აგვისტოდან დღემდე, ამ პოსტს იკავებს, კვირიკაშვილის ნდობითაც სარგებლობდა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის უახლოეს გარემოცვად ითვლება. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ  გადადგომის შესახებ ჭანუყვაძის განცხადება პრემიერმა არ დააკმაყოფილა.

თავად თალაკვაძე droa.ge-თან საუბრისას ამ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საკითხი მხოლოდ პრემიერის გადასაწყვეტია და ის ვერანაირად ვერ ჩაერევა.

ამ ეტაპზე პოსტს ინარჩუნებს კახეთის გუბერნატორი  ირაკლი ქადაგიშვილიც, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან, ის აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიასა და ადმინისტრირებაში, თუმცა, მაშინ ქადაგიშვილი კოალიციის ერთ-ერთ პარტიას, ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა.

კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ ქადაგიშვილი „ქართულ ოცნებაში“ დარჩა. ორი წლის წინ მან გუბერნატორის თანამდებობაზე ირაკლი შიოლაშვილი შეცვალა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა და პარლამენტის წევრი გახდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში იმ დროისთვის ის ერთადერთი კადრი იყო, რომელსაც ე.წ. კახური კლანი არ მფარველობდა და ითვლებოდა, რომ  მას პირადად გიორგი კვირიკაშვილი ენდობოდა. თუმცა, ამავე დროს, ფაქტია, რომ ქადაგიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ კვირიკაშვილის გარეშეც საკმაოდ კარგი კავშირები და დამსახურება აქვს იმის გამო, რომ  პარტიიდან საარჩევნო პროცესებს ის კურირებდა.

თუმცა, მეორე მხრივ, ის არ ითვლება მორჩილ კადრად, რადგან საკუთარ პოზიციებს კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ღიად აფიქსირებს. მაგალითად, შარშან, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ერთდერთი იყო, ვინც ღიად თქვა, რომ პანკისის ხეობის უხუცესებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ამიტომ დიდი ალბათობაა, ის ძალოვანებს და, განსაკუთრებით, სუს-ს, არც კი მოსწონდეს და მის შეცვლაზეც ფიქრობდნენ, რადგან კულუარული ინფორმაციით, რეგიონებთან დაკავშირებით სუს-ის პოზიცია კვლავაც მნიშვნელოვანია.

ირაკლი ქადაგიშვილს პარტიული ხელმძღვანელობისგან განსხვავებული პოზიცია სხვა საკითხებზეც ჰქონია. თუ, მაგალითად, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი თვლიდნენ, რომ დეცენტრალიზაცია და ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება დაუშვებელი იყო, ქადაგიშვილი ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ ქვეყანას ორდონიანი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია უფრო მეტად გააძლიერებდა.

როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას ამჯერად აქტიურად აპირებენ, ამიტომაც ქადაგიშვილის ცოდნის გამოყენება, წესით, მათთვის კარგი რესურსი უნდა იყოს.

კიდევ ერთი გუბერნატორი, რომელმაც ამ დროისთვის პოსტი შეინარჩუნა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძეა. ის ამ პოსტზე თითქმის 1 წლის წინ – 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის, არც მის რეკომენდატორებზე. 

რაც შეეხება გადამდგარ გუბერნატორებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი  ლევან შონია, რომელსაც შევარდნაძის დროს, 2004 წლამდე, შსს-ში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა და მას შემდეგ არ შეცვლილა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შსს-ში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. ის  შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ამიტომ ითვლებოდა, რომ  ის ღარიბაშვილის კადრი იყო, თუმცა, ის ერთადერთი გუბერნატორი იყო, რომელმაც აქამდე ყველა სამთავრობო ცვლილებას გაუძლო და პოსტი შეინარჩუნა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული,  აკაკი მაჭუტაძე ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაინიშნა, უფრო სწორედ, მას და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს ადგილები გააცვლევინეს. მის ადგილზე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად, კახა სამხარაძე დაინიშნა, მან კი შიდა ქართლში სამხარაძის ადგილი დაიკავა.

მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი 2013 წლიდან იყო. მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო. შესაბამისად, ის ძალოვნების კადრად ითვლებოდა. ადგილის გაცვლა კი, არსებული ინფორმაციით, მაჭუტაძესა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძეს შორის არსებული დაპირისპირების გამო მოხდა. ეს დაპირისპირება კი 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების სკანდალს უკავშირდება. მაშინ, არაოფიციალური ინფორმაციით, მაჭუტაძე ცდილობდა, რომ კოპაძე არ დასახელებულიყო მაჟორიტარობის კანდიდატად და თავდაპირველად მიზანსაც კი მიაღწია. დაანონსებული სხვა პირის წარდგენა იყო და გადაწყვტილება ბოლო დღეს შეიცვალა.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, კახა სამხარაძეს, რომელიც მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო და რამდენიმე სკანდალშიც გაეხვა, მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობისას, არაერთხელ გავრცელდა. სამხარაძის მფარველად პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, დიმიტრი სამხარაძე ითვლებოდა. თავად დიმიტრი სამხარაძის ძალოვანებთან ახლო მეგობრობაზე კი კულუარებში დიდი ხანია, საუბრობენ. თუმცა, როგორც ჩანს, დეპუტატ სამხარაძეს გუბერნატორ სამხარაძის გადასარჩენად ამჯერად უკვე პარტიულ-ძალოვნური გავლენა არ ეყო.

ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა საბანკო სექტორიდან გადაიყვანა. გუბერნატორად დანიშვნამდე ის სააქციო საზოგადოება “ევექსის” (ამჟამად სს “GHG”) საოპერაციო დირექტორის პოსტს იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე 1 წელზე ცოტა მეტი იმუშავა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმაც ამ თანამდებობაზე სულ წელიწადნახევარი იმუშავა. მანამდე, 2013-2017 წლებში, ის „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი იყო.

რატომ ვრცელდება ინფორმაცია პირდაპირი წესით არჩეული მერების გადადგომის შესახებ?

გარდა გუბერნატორებისა,  საუბარია იმაზეც, რომ, შესაძლოა, თანამდებობის დატოვება მერებსაც მოუწიოთ. თუმცა, ეს გაცილებით რთული იქნება, რადგან 2014 წლიდან საქართველოში ყველა მერი პირდაპირი წესით არჩეულია და მათი მოხსნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

კანონმდებლობით, მერის გადასაყენებლად, უკეთეს შემთხვევაში, საკრებულომ მისი იმპიჩმენტის ან უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს, უარეს შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ ჯერ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რასაც მერის უფლებამოსილების შეჩერება მოჰყვება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში კი – უფლებამოსილების შეწყვეტა.

ქვეყანაში სულ 64 არჩეული მერია. მათი დიდი ნაწილი კი სწორედ კვირიკაშვილ-ალავიძის შერჩეულია. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს შორის ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერობის შეთანხმებულ კანდიდატებს საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებული ჰქონდათ, სარეკლამო ბანერები – დაბეჭდილი, ზოგს კი – უკვე გაკრულიც, რომ მოულოდნელად, კვირიკაშვილმა და ალავიძემ ისინი ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად შეცვალეს. მაგალითად, კახეთში, დედოფლისწყაროს გარდა, ყველა მერი კვირიკაშვილ-ალავიძის შერჩეულია, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენა კი კინაღამ ჩავარდა, რადგან ყოფილ პრემიერს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაჟორიტართა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

არაოფიციალურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაჟორიტარების ნაწილმა მერების გადადგომის საკითხი ბახტაძის წინაშე უკვე დასვა და მათ ზურგს ამ მერების კორუფციულ სქემებში მონაწილეობის მამხილებელი ფაქტებიც უმაგრებთ. ამიტომაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება მათ შესთავაზებს, ან საკუთარი ნებით წავიდნენ, ან მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძვრება.

Droa.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაგალითად, ზესტაფონის მერზე, კახაბერ მახათაძეზე, რომლის გადადგომაზეც კულუარებში აქტიურად საუბრობენ, სუს-ში საქმე უკვე რამდენიმე თვეა, აღძრულია და მის წინააღმდეგ სერიოზული სამხილები აქვთ. მახათაძის გადადგომის მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. როგორც ამბობენ ახლა არჩევანი მახათაძეზეა – ციხე თუ თანამდებობის დათმობა.

თავად მახათაძე droa.ge-სთან ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და წასვლას არ აპირებს. „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და არსად წასვლას არ ვაპირებ.  ხომ არ იცით, ეგ როგორ უნდა მოხდეს? გამოვიდე და ვთქვა, აღარ მინდა მეთქი? მართლა მეცინება და გეუბნებით, რომ სიმართლეს არ შეესაბამება,“  – ამბობს ზესტაფონის მერი.

რთული ვითარებაა ჭიათურასა და ხარაგაულშიც, სადაც მერები და მაჟორიტარები, რომლებიც მანამდე ამავე მუნიციპალიტეტების გამგებლები იყვნენ, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერნენ. როგორ მოხდება ამ კონფლიქტის განეიტრალება, ჯერ არავინ იცის, რადგან მაჟორიტარებიც და მერებიც 4-4 წლით პირდაპირი წესით არიან არჩეულები.

ამგვარი სიტუაცია სხვა არაერთ მუნიციპალიტეტშია. ამ არაჯანსაღი ვითარების შექმნის უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ მმართველი პარტიის პირველი პირები კადრებს, მათ შორის, არჩევითს, მუდმივად პირადი ურთიერთობებით არჩევენ და არა – ცოდნით, გამოცდილებითა და ავტორიტეტით. ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას დღემდე ვერ ელევა, რასაც არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რახანია, დღის წესრიგში აყენებენ.

ფაქტია, ვითარება განსამუხტია, მაგრამ ამდენი მერის წინააღმდეგ ერთბაშად სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ან მათი ნებით თანამდებობების დატოვება, ერთი მხრივ, საკმაოდ ბევრ კითხვას გააჩენს და მეორე მხრივ, პარტიის სტაბილურობსაც ეჭვის ქვეშ დააყენებს. გარდა ამისა, საკითხავია, უღირს თუ არა ხელისუფლებას, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაც. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე მერს თანამდებობის დატოვება მაინც მოუწიოს.