თელავის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი ექნება

1269

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი მოამზადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერის მოადგილემ, გურამ გურაბანიძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრაზე აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.

როგორც გურაბანიძემ  განაცხადა, “თელავის მუნიციპალიტეტის ახალგზარდული სტრატეგიის” მიზანია, დაარეგულიროს საკითხთა ფართო სპექტრი, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებს ეხება.

„ორგანიზაცია World Vision –ის მხარდაჭერით, 2017 წლის 19 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობების სტრატეგიის დოკუმენტი. დოკუმენტში ცვლილებები შევიდა თვითმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, რათა გათვალისწინებულიყო ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები. შედეგად ჩამოყალიბდა შესაბამისი მიდგომები და პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიცპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას. დოკუმენტის დამუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული“, – განაცხადა გურამ გურაბანიძემ.