თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და GWP-ის წარმომადგენლებმა სამგორში დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს

1000

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საკრებულოს ცნობით, შეხვედრაში კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, დირექტორი ოპერატიული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი და კომუნიკაციის და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკა ბერიძე მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სამგორის რაიონში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. GWP-ს წარმომადგენლებმა გიორგი ტყემალაძეს ამ რაიონში სხვადასხვა მისამართებზე ჩატარებული კვლევების შესახებ და ამის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გრაფიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებზე უკვე წლებია წყალმომარაგების პრობლემა არსებობს. როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ამის შესახებ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან ვმუშაობ, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრები იმართებოდა. უკვე დაიწყო წყალსადენის ქსელის მოწყობაზე აქტიური მუშაობა. ინტენსიურად ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და მათ უშუალოდ ვესაუბრებით ამ საკითხზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.