170 წლის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება

1659

2018 წლის სექტმებრის ბოლოდან ქუთაისში ცენტრალური ბაღის განახლება იწყება, პროექტის მიხედვით, ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, ბაღში დეკორატიული ფილები სამფეროვანი გრანიტის ფილებით ჩანაცვლდება, ასევე ისტორიულ სახეს დაუბრუბრუნდება შადრევნები.

“ვაზის ტიპის შადრევნები დამონტაჟდება, რაც მას ძველ იერსახეს დაუბრუნებს. შეიცვლება ბაღში არსებული სანაყინეს გარე ფასადი და იქნება შესაბამისობაში გარემოსთან. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ლანდშაფტი, რომ წყლის გადინება კარგად მოხდეს. აღდგება ქვის ბორდიურები, გამოიცვლება განათება და დაიდგმება ახალი ძელსკამები, რომელზეც ქუთაისის გერბი იქნება გამოსახული. ასევე, მოხდება კოლონადების რეაბილიტაცია”, – განაცხადა ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჩაირთვება უფასო ინტერნეტი, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს.

“ბაღი – ეს არის ქალაქის ღერძი და მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს,” – ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

ქუთაისში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

“10 ივლისამდეა ტენდერი პროექტირებაზე გამოცხადებული, რის შემდეგაც საპროექტი სამუშაოები სავარაუდოდ 30 დღეში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია ჩვენი გათვლებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს შემოდგომიდან დაიწყებს,” – ამბობს ჩხიკვაძე.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 170 წლისაა და ის მუშტაიდის ბაღის შემდგომ სიძველით მეორეა მთელ ამიერკავკასიაში.