ბექა დავითულიანი: დადასტურდა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე პარკინგი საქველმოქმედო პროექტი იყო

824

დადასტურდა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე პარკინგი საქველმოქმედო პროექტი იყო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იმ პირობების მიმართ, რა პირობებითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა, ბიზნესი არ გამოხატავს სათანადო ინტერესს.

ბექა დავითულიანის განმარტებით, ამ პირობებში ბიზნესმენები პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობას არ იღებენ.

“ამით დასტურდება, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობა ფაქტობრივად საქველმოქმედო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იყო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, დამატებით რა წახალისება შეიძლება ბიზნესს მიეცეს, თუმცა ამ ეტაპზე მოცემულობა არის ის, რომ არც ერთმა ბიზნესმენმა მსგავს პირობებში ინტერესი არ გამოხატა, რომ მიწისქვეშა პარკინგები გააკეთოს. ამიტომ ჩვენ დამატებით სტიმულს, დამატებით შეთავაზებას გავუკეთებთ ბიზნესს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.