საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება

1116

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი გადაუგზავნა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი მიზნები, რასაც სამშენებლო სექტორმა და უკვე არსებული შენობა-ნაგებობების მფლობელებმა სახელმწიფოს დახმარებით უნდა მიაღწიონ. კანონის მიღების საფუძველი საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაა.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიების განვითარება, ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების შემცირება, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვა დადებითი გვერდითი ეფექტები ექნება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებას შეეხება, რაც სავალდებულო იქნება ახალი შენობებისთვის, არსებული შენობებისთვის, რომლებიც იყიდება, ან ქირავდება, ასევე საჯარო დაწესებულების იმ ნაგებობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 500 კვადრატულ მეტრს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2023 წლის 30 ივნისიდან – იმ შენობებისთვის, რომელთა საერთო ფართი 250 კვადრატულ მეტრს აღემატება.

„შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე, შემდეგს:

ა) შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და შენობის ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა მისმა მესაკუთრეებმა და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება;

ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის ხარჯ-ოპტიმალური გაუმჯობესების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგოეფექტიანობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით ასეთი გაუმჯობესება რაციონალური არ არის“, – წერია კანონპროექტში.

შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების წესი მთავრობამ 2019 წლის 30 ივნისამდე უნდა განსაზღვროს. კანონპროექტის მიხედვით, სერტიფიცირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ის დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, კანონპროექტი გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებასაც ითვალისწინებს, რომლის წესსა და მოთხოვნებს, ასევე მთავრობის კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს. ინსპექტირებას კი დამოუკიდებელი ექსპერტი განახორციელებს. მათთვის ვინც სერტიფიცირების წესსა და ინსპექტირების მოთხოვნებს დაარღვევს, განსაზღვრულია ფინანსური სანქციები 500-დან 1500 ლარამდე.

ამასთან, „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონის პროექტი ახალი ცნების – „თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების“ დამკვიდრებასაც ითვალისწინებს.

„თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა – შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან“, – წერია კანონპროექტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს, 2027 წლიდან კი ეს რეგულაცია საჯარო დაწესებულების შენობებზე გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, რა მოთხვონები უნდა გაითვალისწინოს ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მფლობელებმა, ეს კანონის მიღების შემდეგ, მთავრობის კანონქვემდებარე აქტებში იქნება გაწერილი.

„შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების ვადა 2019 წლის 30 ივნისია.