ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

1378

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის გნხორციელების პროცესს და გამოვხატავთ შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის, ცემის ფაქტის გამო.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას.
ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი)
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
ფენიქსი 2009
ქალები რეგიონის განვითარებისთვის

ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ქათამაძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.