კასპში ”აწარმოე საქართველოში” – პროგრამის შემდგომი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

728

კასპის გამგეობის ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტის  სხდომათა დარბაზში, პროგრამის “აწარმოე საქართველოში”   შემდგომი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის მენეჯერი ირინე გიორგიძე უძღვებოდა.  დამსწრეთა შეკითხვებს  კონტრაქტორი ორგანიზაციის, შპს ბიზნეს ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელმა მალხაზ შუბითიძემ უპასუხა.

სამთავრობო ინიციატივის “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით 15 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის   www.qartuli.ge  მეშვეობით და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და  ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში”- ს მიერ განხორციელებული პროგრამა,  საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის გააქტიურებას უწყობს ხელს.

ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა ბიზნესის კეთებით  დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს.