ჩხოროწყუს სკოლა ავარიულია, თუმცა სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს. ფოტო

663

ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის შენობაში ყოფნა უსაფრთხო არ არის, რადგან დაზიანებულია ჭერი და იატაკი. თუმცა ამის მიუხედავად, იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

სკოლის დირექტორის მანანა ჩიქოვანის თქმით, დაზიანებულია სკოლის შენობის ის ნაწილი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაცია, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დერეფანი, სადაც ბავშვები მოძრაობენ, განსაკუთრებით მაშინ როცა გარეთ ცუდი ამინდია. “როგორც კი გაირბენს ბავშვი მესამე სართულზე, ზანზარებს მეორე სართული, ჭერიდან ცვივა შიფერის ნამტვრევები, კენჭები“, – თქვა მანანა ჩიქოვანმა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩხოროწყუს სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ წერილი 6 ივნისს მიიღეს და საკითხს სწავლობენ. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ სამინისტროში წერილი აქამდეც არაერთხელ გააგზავნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამაც დაადასტურა, რომ მათ სკოლის შენობაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ განათლების სამინისტროს რამდენჯერმე მისწერეს.