ვანის სოფლებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

617

ვანის მუნიციპალიტეტში ამაღლება-საპრასიის და გორა-უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.

ვანის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ამაღლება-საპრასიის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე (ინაშაურის მიმართულებით) მოწყობილია ასფალტის საფარის პირველი ფენა, მოსაწყობია მეორე ფენა და გზის გვერდულები, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ვანის მერიის ინფორმაციით, უკვე განახლდა რებილიტაციის პროცესი გორა-უხუთის დამაკავშირებებლ საავტომობილო გზაზეც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოასფალტების წინა, მოსამზადებელი სამუშაოები და ეწყობა სანიაღვრე არხები. ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს.

ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები მაისის ბოლოს, გორა-უხუთის მონაკვეთზე ივლისის დასაწყისში დასრულდება. ორივე პროექტის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 528 361 ლარი დაიხარჯება.