ევროპული საქართველო ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას არ ეთანხმება

657

ევროპული საქართველოს წევრი და საკრებულოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი “ვარდების მოედნისთვის” სახელწოდების შეცვლის ინიციატივას არ ეთანხმება. „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის ინიციატივა  ვიწროპარტიული და იაფფასიანი პოლიტიკური აქტია “,- თქვა გაბაშვილმა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ვარდების რევოლუცია არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრება. ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა, ვერ აიტანა მისი ნების გაყალბება, გამოვიდა ქუჩაში  და  თავისი ბედი საკუთარ ხელში აიღო. უარი უთხრა კორუფციას, ჩამოშლილ, არშემდგარ  სახელმწიფოს. ეს არის სრული უგულვებელყოფა იმ ნების გამოხატულებისა, რაც მთელ საქართველოს ახსოვს ვარდების რევოლუციის დღეებში“ ,- აცხადებს გოკა გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.  თბილისის მერი ამ ინიციატივას მიესალმება.