სპორტულ-რეკრეაციული სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

782

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელშიც ოთხი კანონპროექტია გაერთიანებული – „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრმა ბიძინა გეგიძემ წარადგინა და კანონპროექტთა მიღების მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა მათი დაცვისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

„ჯანსაღი სივრცეების შექმნა-რეაბილიტაცია ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულადაა გამოცხადებული და მთავარი აქცენტი ჩვენი ფრაქციის წევრებსაც წინასაარჩევნოდ გაკეთებული გვქონდა იმაზე, რომ გამოგვეცხადებინა თბილისი როგორც „მწვანე ქალაქი“. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ სპორტული ინფრასტრუქტურა – სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო სივრცეები. შესაბამისად, კანონი არსებითად აყალიბებს სპორტული ობიექტების ცნებას და მათი მოწყობის, შენარჩუნებისა და განვითარების სამართლებრივ საფუძვლებს“, – განაცხადა მომხსენებლმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, უამრავი სპორტული ობიექტი გასხვისდა და განადგურდა. ამიტომ, აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება. კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს კანონპროექტების სულისკვეთება და აღნიშნეს, რომ გასაზიარებელია ავტორების მიდგომა, თუმცა საჭიროა ფინანსური დასაბუთება, ვინაიდან მისი მიღება ბიუჯეტში ცვლილებებს გამოიწვევს და, შესაბამისად, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მთავრობის დასკვნა.