ფოთის თეატრის კაპიტალური რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო

597

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის მე-10 რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

სხდომაზე განხილული დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში.

ცვლილების შედეგად ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის კაპიტალური შეკეთების პროექტირებას დაემატა 30 ათასი ლარი.

ასევე, გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები და შევიდა ცვლილებები ქალაქში 2018 წელს მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ სამუშაოებში. 

საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 3 თვეა თეატრში სპექტაკლები შეწყვეტილია და კოლექტივი ელოდებოდა ბიუჯეტის ამ ცვლილებას. 

“საკრებულო მხარს უჭერს ბიუჯეტში თეატრის შენობის კაპიტალური შეკეთების პროექტირების დაფინანსებისათვის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს. წინა სხდომაზე პროექტის დამტკიცების გადადება მოხდა პროცედურული თვალსაზრისით, ვინაიდან მერის მიერ ჩამოგზავნილი პაკეტი აერთიანებდა სხვა საბიუჯეტო ცვლილებებსაც, საკითხი მერიას დაუბრუნდა დამატებითი შესწავლისა და სრულყოფისათვის. კონკრეტულად თეტრის საკითხი 28 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი, ამდენად მისი გადადება მოხდა სულ რამდენიმე დღით და დღეს რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული”, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ.