რეორგანიზაციის შედეგად ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

648

ხელვაჩაურის მერიაში, რეორგანიზაციის შემდეგ არავინ გაუთავისუფლებიათ. პირიქით, მერმა დამატებით რამდენიმე თანამშრომელი დაიქირავა. თვითმმართველობაში ამ ეტაპზე 133 თანამშრომელია, მომავალში მათი რიცხვი 137-მდე გაიზრდება.  ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

‘’შრომითი ხელშეკრულება ყველა დასაქმებულს გაუგრძელდა, რამდენიმე თანამშრომლის დამატებაც გახდა აუცილებელი’’ –  აცხადებენ მერიაში.

ხელვაჩაურის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად, 8-ის ნაცვლად 10 სამსახური იმუშავებს. რამდენიმე მათგანს სახელწოდება შეუცვალეს.

ჯანდაცვის სამსახურში ორი განყოფილება შეიქმნება: ერთი ჯანდაცვის, მეორე კი სოციალური მიმართულებით იმუშავებს. ასევე შეიქმნება ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის სამსახურებიც.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი და მობილობა 30 მარტს დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ, 4 საშტატო ერთეულზე სავარაუდოდ, კონკურსი გამოცხადდება.

დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებმა, სხდომაზე სამსახურების დებულებები დამტკიცეს.