კვალითელი მეღვინე იმერულ ღვინოს ამერიკის 12 შტატში ყიდის

2024

არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის შვიდ შტატში გაიტანს, მისი ღვინო უკვე წლებია ამერიკის ხუთ შტატში იყიდება, წელს კი საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა.ამის შესახებ მეღვინემ თავად ამბობს. ის ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლი სასმლის გასაყიდი ფასი დახლზე 25-დან 30 დოლარამდეა.

მეღვინის თქმით, ღვინის კომერციული მიზნით დამზადება 10 წლის წინ დაიწყო.

“სულ 8-9 დასახელების ყურძენია, რომლის ნაწილიც ახალშენია, დაახლოებით 2500 კვადარატულზე ძველი, 50 წლის ვენახები მაქვს.  ღვინის კომერციული მიზნით წარმოება მაშინ გადავწყვიტე, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია ნატურალურ, ქვევრის ღვინოზე, ეს იყო 2009-2010 წელი, ამ დროს დაარსდა ,, ქვევრის ღვინის ასოციაცია“, რომელსაც შევუერთდი, სულ 12 მეღვინე ვიყავით, ვინც ასეთ ღვინოს ვაწარმოებდით.

პირველი ღვინო ბოთლში ჩამოვასხი 2010 წელს და იმავე წელსვე გავყიდე იტალიაში, ისე რომ მეც არ ველოდი, 86 ბოთლი მქონდა მახსოვს, რეალიზაციაში ასოციაცია დაგვეხმარა, ღვინო მარნიდანვე შეიძინეს და ბოთლში 6 ევრო გადაგვიხადეს. ეს იყო თეთრი მშრალი ღვინო ,,ცოლიკოური“, იმერული წესით დაყენებული, რაც კახური ტრადიციისგან განსხვავებით, ცოტა რაოდენობით ჭაჭაზე დადუღებით კეთდება.

ამჟამად ვამზადებ ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნას, ასევე ღვინოს ამ სამი ყურძნის სეპაჟით, რაც გულისხმობს ამ სამი ჯიშის ერთმანეთში შერევას, სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით, ასევე ღვინო მგალობლიშვილს, ოცხანურის საფერეს, დონდღლაბი ჯერ ახალგაზრდა ვაზია და გაისად ვაპირებ მისგან ღვინოს დამზადებას. პროდუქციას ეტიკეტზე ჩემი სოფლის სახელი – ,, კვალითი „აწერია“ – განაცხადა არჩილ გუნიავამ.