აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება

656

აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს. ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფოს პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების სფეროში, მოსალოდნელი ცვლილებები კანონმდებლობასა და რეგულაციებში, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ უსაფრთხოების საკითხების კუთხით არსებული სტანდარტების გაცნობა და განთავსების ობიექტების გამართულად მუშაობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტრენინგებს 27 მარტიდან დაიწყებს და აპრილის ბოლოს დაასრულებს.