მამუკა სალუქვაძე: თუ მერიას გენგეგმის საკითხების სხვაგვარად გადაწყვეტა შეეძლო, კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო

852

წინა სტატია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, გენგეგმის შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, რომელსაც უცხოელი ექსპერტებიც დაესწრებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„მოვილაპარაკეთ, რომ შუალედურ ეტაპზე შევხვდებით იმ ექსპერტებს, რომლებიც შეფასების ნაწილზე მუშაობენ. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ჩამოდიან და ჩაერთვებიან ამ საკითხების უკეთ წარმოჩენის, ახსნის, განმარტების პროცესში. ისინი წარმოადგენენ ევროპულ გამოცდილებას, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ ამ გეგმას და რა არა. უახლოეს დღეებში ალბათ, მოხდება საექსპერტო ჯგუფთან შეხვედრა და მათ შენიშვნებს თუ სურვილებს მოვისმენთ და ერთად ვიმოქმედებთ, დოკუმენტის დასრულებისკენ რომ წავიდეთ. ჩვენ დოკუმენტი უკვე დასრულებული გვაქვს, მაგრამ თუ შენიშვნები ექნებათ, ალბათ, ეს უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება და რადიკალურ შენიშვნებზე არ იქნება საუბარი. ქალაქს რაც დავპირდით, შევასრულეთ. ჩვენი ხედვის მიხედვით დავდეთ დოკუმენტი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს – ზონირებას და ტრანსპორტს, რაზეც მერიას შენიშვნები ჰქონდა, სალუქვაძე აცხადებს, რომ ჯგუფმა დამკვეთს თავისი ხედვა წარუდგინა, ხოლო თუ მერიას საკითხების გადაწყვეტა სხვაგვარად ესახებოდა, კონკურსი არ უნდა გამოეცხადებინა.

„მაშინ თვითონ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი. საკონსულტაციო ჯგუფს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ყველაფერი იმ კონცეფციით გაკეთდა, რითაც კონკურსში გავიმარჯვეთ. ძირეულ ცვლილებებს ვერ შევთავაზებთ. ყველაფერი გავითვალისწინეთ, მათ შორის, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კერძო საკუთრების საკითხი. ეს ძალიან აწუხებს მოსახლეობას, გვესმის, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინება არ შეიძლება, რადგან ჩვენ ნოტარიული კანტორა არ ვართ, რომ დავდგეთ და ყველაფერი ისე აღვნუსხოთ, როგორც რეალობაშია. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ რაკი ადამიანს ნაკვეთი თავის დროზე ვიღაცამ არასწორად მიყიდა, ჩვენ ეს ყველაფერი გავამართლოთ. ასე ვერ მოვიქცევით, რადგან ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დიდია რისკი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალური გეგმა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ დედაქალაქის მერიას 26 თებერვალს წარუდგინა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. რამდენიმე დღის წინ კი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმას არ იხდის, რადგანაც ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.