ბორჯომში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

791

ბორჯომში, თორის ქუჩაზე მცხოვრები ათი ოჯახი, ბორჯომის მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს. მათი განმარტებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია , მათი საცხოვრებელი ბინები კი ავარიული. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გასული წლის მაისში, მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა, ეს ოჯახები დააზარალა კიდეც. მაშინ მერიას სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, 65 000 ლარი დასჭირდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, ორ ოჯახს კომპენსაცია მისცა, ერთი კი ქირით გაიყვანა და დღემდე უხდის ყოველთვიურ იჯარას.

გარდა იმისა, რომ ადგილი სახიფათოა, ერთი საუკუნის წინ აშენებული შენობებიც ძველი და ავარიულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიის შემდეგ გაცემული კომპენსაციები პრობლემას არ აგვარებს.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის გასაყვანად ამ ეტაპზე თვითმმართველობას ფული არ აქვს. „ამ ბინას ყოველთვის აქვს რაღაც პრობლემები. მოსახლეობის სურვილია, რომ გავიყვანოთ იქიდან, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან, მაისის სტიქიის შემდეგ, თორის ქუჩაზე სანიაღვრე არხი გაწმინდეს და საყრდენი კედელიც გააშენეს.