“ბათუმის ბულვარში” შესაძლოა თანამშრომლები შეამცირონ

„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. შტატგარეშედ დარჩენილ ზოგიერთ თანამშრომელთან ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილთან კი მოგვიწევს დამშვიდობება“ – ამბობენ “ბათუმის ბულვარში”. ამის შესახებ ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

უწყებაში რეორგანიზაცია ამ წლის თებერვალში დაიწყო, შედეგად თანამშრომლები თვეზე მეტია მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ. ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცებისთვის საჭირო იყო ბულვარის ახალი დებულების დამტკიცება. დებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელი 5 მარტს მოაწერა. ახალი დებულება 6 მარტიდან ამოქმედდა.

„დღეს ან მაქსიმუმ ორშაბათს, საშტატო ნუსხა დამტკიცდება. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თავის დროზე კონკურსი აქვთ გავლილი, დარჩებიან სამსახურში, ნაწილთან, მათ შორის თანამდებობის პირებთან, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება და მუშაობას შტატგარეშედ გააგრძელებენ. დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ზუსტდება“, – თქვა „ბათუმის ბულვარის“ იურისტმა, თამარ თავართქილაძემ.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ სსიპ-ის მეშვეობით მართავს აჭარის მთავრობა ბათუმის ძველ და ახალ ბულვარს. ძველი ბულვარის ტერიტორია აჭარის მთავრობას ამ ქონების მართვის უფლებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის დაწყებამდე [2018 წლის პირველი თებერვალი], ბულვარში ხელშეკრულებით 80 ადამიანი [ძირითადად, მუშები] იყო დასაქმებული, შტატში კი – 65. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კი შტატში 35-40 ადამიანი შეიძლება დარჩეს.

ახალი დებულებით, „ბათუმის ბულვარში“ 8-ის ნაცვლად რჩება 4 სამსახური: ადმინისტრაციული სამსახური; იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახური; ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური.

მსგავსი სიახლეები