კალაძე: წარმოდგენილ გენგეგმას სპეციალური ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეისწავლის

623

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, “სითი ინსტიტუტი საქართველოს “მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალური ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეისწავლის.მერიის გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტზე, სწორედ ამ შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ დოკუმენტი და გვაქვს ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა გენგეგმის დოკუმენტისთვის, გაეცნოს მას. ხარვეზები, რომელიც თავიდან იყო ჩვენი მხრიდან მითითებული, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოსწორებული. როდესაც მთლიანად შევისწავლით დოკუმენტს, ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“,- განაცხადა კალაძემ.

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიას მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა დღეს უნდა წარუდგინოს. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს 45-დღიანი ვადა სწორედ დღეს ეწურება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. რამდენიმე დღის წინ კი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმას არ იხდის, რადგანაც ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.