ქობულეთის ფიჭვნარში ახალი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

919

ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო “ჯორჯია პალასის” გვერდით, ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სასტუმრო სანაპიროზე გადასასვლელ ტერიტორიას გადაკეტავს, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “კრისტალ ბილდინგი” 29300 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე 200 ნომრიან სასტუმროს აშენებას გეგმავს. ოპოზიცია აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებაში აჭარის მთავრობის თავმჯდონარის ინტერესებს ხედავს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მტკიცებით ზურაბ პატარაძემ კომპანიას დამატებით უსასყიდლოდ 6000 კვადრატული მეტრი სარგებლობაში გადასცა, სადაც ამ დროისთვის ინვესტორი ბეტონის საზღვარს აშენებს.

“კრისტალ ჰოლდინგში” განმარტავენ, რომ ღობე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კეთდება და აღნიშნული ტერიტორიის მითვისებას არ გეგმავენ. ქობულეთის მერიაში კი განამრტავენ რომ სახელმწიფო ტერიტორია სასტუმროს მშენებლობის უსაფრთხოების მიზნით შემოიღობა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ადგილბრივებისა და ტურისტების ინტერესების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მირიან ქათამაძე ოპოზიციას მოსახლეობის მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.