თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილების შესახებ სააპელაციო სარჩელს სასამართლო დღეს განიხილავს

835

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს. სასამართლოს ინფორმაციით, საქმის განხილვა დღესვე შედგება. პროცესის 15:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, სასამართლოს ოთხმა სუბიექტმა დამოუკიდებელი საჩივრებით მიმართა.
საქმის მასალები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, განსახილველად ზემდგომ ინსტანციაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე გადააგზავნა.

„ჩვენთან შემოვიდა ოთხი სუბიექტის სარჩელი ცალ–ცალკე. მათ შორის: თიანეთის მე–19 ოლქის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და ლელა ქიტესაშვილის.

ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნითაა, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ოთხივე სარჩელი დაერთო საქმის მასალებს და გაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში“, – აცხადებენ მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა, სასამართლოს თიანეთის მე-20 უბნის შედეგები გაებათილებინა.

ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რომელიც მეჭიაურის ინტერესებს იცავს. საია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე-20 უბნიდან მიტანილი გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის აღდგენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე.

გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი