ნინო ბურჯანაძე: მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება

742

მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გორში, სოფელ ქვეშში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით გორის რაიონის სოფელ ქვეშში და ამ სოფლიდან 1.5 კმ-ში არის ე.წ. საზღვარი, საიდანაც პრაქტიკულად ჩანს ის უსუსურობა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიწიდან გაიტაცეს, ვითომ საზღვრის გადაკვეთის გამო; ადამიანები, რომლებიც იმ ნაწილში ცხოვრობდნენ და ჰქონდათ სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ დღეს საკუთარ მიწა-წყალზე ვერ გადადიან; ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პრობლემა ამ ხნის განმვალობაში „ქართულ ოცნებას“ არ მოუგვარებია“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მოსახლეობა ამბობს, რომ არცერთი მიმართულებით უკეთესობა არ შეიჩნევა და როგორც ადრე უჭირდათ, ისე უჭირთ დღესაც.

„მე მოვუწოდებ მოსახლეობას აღარ დაიჯერონ „ქართული ოცნების“ ამდენი ცრუ დაპირება. სამივე ბიულეტენში შემოხაზონ სამიანი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება, რომელსაც შეგვიძლია ადამიანების პრობლემების მოგვარება, რომელსაც შეგვიძლია ე.წ. საზღვრის თავის ადგილზე დაბრუნება. ჩვენ ვართ ის ადამინები, ვისაც შეგვიძლია რუსეთთან მოლაპარაკება და რუსული ბაზრის გახსნა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, რუსული ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოსახლეობას საშუალება ექნება მოახდინოს პროდუქციის რეალიზება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონში ჩვენ ნადვილად სერიოზული მხარდაჭერა გვექნება და ბევრ ბიულეტენებს ვნახავთ, სადაც სამიანი იქნება შემოხაზული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი