„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის უკანონო ბრძანებების გაცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

482

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის მხრიდან ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის უკანონო ბრძანებების გაცემის სავარაუდო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს ეხება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს.

ორგანიზაცია გაუგებარს უწოდებს იმას, რომ მიუხედავად ჩანაწერების არსებობისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა.

„პრობლემატურია თბილისის ბაგა–ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვების საკითხზე გამოძიების არდაწყება. ეს არის გზავნილი სხვების მიმართ, რომ მათ შეუძლიათ მსგავსი საქმიანობა გააგრძელონ. რაც სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობს დარღვევაა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე მეტად პრობლემური იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  შუალედური ანგარიში
2017 წლის 1-ელი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის საბოლოო ანგარიში ნოემბერში გამოქვეყნდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი