დაჟანგებული საბჭოთა “მფრინავი კაბინები” საქართველოში – BBC-ის ვიდეო ჭიათურის საბაგიროებზე

1304

ბრიტანული გამოცემა BBC ჭიათურის საბაგიროების შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.

“ჭიათურის დაჟანგებული საბაგიროები ყოფილ საბჭოთა საქართველოში 1950-იანი წლების შემდეგ არ განუახლებიათ ან შეუცვლიათ. ადგილობრივთა ნაწილი საბაგიროებს “რკინის კუბოებს” ეძახის. თუმცა, ამ დასახელების მიუხედავად, ადგილობრივები სამსახურში წასასვლელად მათით მაინც სარგებლობენ.

მაღალი ხეობის თავზე გამოკიდული, ქალაქით გარშემორტყმული საბაგიროებით გადაადგილება ხუთ წუთშია შესაძლებელი, ანუ იმაზე სწრაფად, ვიდრე ავტობუსით.

იმ დროს, როცა ეს მაღაროელებისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, საბაგიროთი მგზავრობა იმდენად უნიკალური სანახავია, რომ ნელ-ნელა ეს ადგილი ტურისტულ ღირსანიშნაობად გადაიქცა”, – წერს BBC.

ცნობისათვის: ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაიწყო, თუმცა, პროცესი შეფერხდა. მომდევნო, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციისთვის 1,5 მლნ ლარია განსაზღვრული. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დონორი კი საფრანგეთის მთავრობაა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, პროექტის ჯამური ღირებულება 44 მლნ 788 ათასი ლარია, საიდანაც 2016 წელს ბიუჯეტში 25 მლნ 588 ათასი ლარი იყო ჩადებული, 2017 წელს კი – 17 მლნ 700 ლარი. განახლებული საბაგირო სადგური, რომელსაც ოთხი მიმართულება ექნება, ქალაქის 12 000 მაცხოვრებელს უნდა მოემსახუროს.