საქართველოს 10 რეგიონში R-CSN-მა ქალი ამომრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა

701

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, წინასაარჩევნოდ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ჩატარდა.

საქართველოს 10 რეგიონში, 27-29 სექტემბერის პერიოდში 1 000-ზე მეტი ქალი გამოიკითხა. პროცესში ქსელის წევრი 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო.

კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 10 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი  შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

კვლევის ჩატარების საჭიროება დღის წესრიგში დადგა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”.  R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

 ,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.