რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება

776

ქალაქ რუსთავში მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი და ავარიული შენობის ადგილას, ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფსა და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. შენობა აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარით ფინანსდება.

ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება და 24-ს რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც ჯამში 4 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი.

წყარო: 1tv.ge