“ოცნების” კანდიდატების წარდგენის გამო, ქუჩები 10 საათით ადრე გადაიკეტა – ახალციხის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია

960

“ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენის გამო, რომელიც საღამოს 8 საათზე უნდა გაიმართოს, დილიდან ახალციხეში, ქალაქის ცენტრსა და მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩა და ჩიხი გადაკეტილია. ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეუძლებელია, ჩიხებში კი საცობებია.

დილის 09:00 საათიდან, ორმხრივად არის გადაკეტილი თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ქუჩები, კოსტავა და დიდიმამიშვილი, ასევე ყველა ის შიდა ქუჩა, რომელიც ცენტრალურ ქუჩებს: კოსტავასა და რუსთაველს უკავშირდება. პერიმეტრს აკონტროლებს საპატრულო პოლიცია. გადაკეტილ უბნებზე მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აქვთ გადაადგილების უფლება.

ამ დროისთვის ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია კოსტავას, დიდიმამიშვილის, შალვა ახალციხელის (ადმინიტრაციული შენობის წინ), ორბელიანის, სანაპიროს, რუსთაველის ქუჩებზე. გზა ორმხრივად გადაკეტილია თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ ხიდზეც, რომელიც ქალაქიც ცენტრს უკავშირდება.

გადაკეტილია ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა ის უბანიც, რომლების ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩას უკავშირდება.

ასეთი შეფერხებების გამო, ქალაქის შიდა ქუჩებში საცობებია, მათ შორის, იმ ქუჩებზეც სადაც საჯარო სკოლებია და ბევრი ბავშვი მოძრაობს.

მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლას ამაოდ ცდილობს, საპატრულო პოლიცია მათ 9 აპრილისა და ასპინძის ქუჩისკენ ამისამართებს, ეს ქალაქის განაპირა ქუჩებია, საიდანაც თუ იქ მანქანას გააჩერებ, ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად საკმაოდ დიდი გზა, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი უნდა გაიარო.

მათ ვინც ქალაქის ცენტრში მოხვედრა იქამდე მოასწრო, ვიდრე ქუჩები გადაიკეტებოდა, ავტომანქანები პარკინგის ადგილებზე დატოვეს და ამ დროისთვის ქალაქის ამ უბნებში შეუძლებელია თავისუფალი ადგილის პოვნა, შიდა ქუჩიდან ჩამოსული მანქანის გასაჩერებლად.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე–ჯავახეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. წარდგენა თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს, 20:00 საათზე გაიმართება. ღონისძიება ერთი საათით ადრე, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიწყება. ამ დროისათვის მიმებარე ტერიტორიაზე სცენას ამონტაჟებენ.